მენიუ დახურვა

ბოლო ზარი

ჩემო კარგებო, ალბათ, აღელვებული ხართ და გულიც გამალებით გიცემთ. დღეს ხომ განსაკუთრებული დღეა! ეს ესაა, სკოლას გამოეთხოვეთ და თქვენი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლის მაუწყებელი ზარიც დაირეკა. ამ დღეს უჩვეულო გარემოში ხვდებით და შესაძლოა, გული გწყდებათ, რომ ყველაფერი ისე არაა, როგორც თქვენს ლაღ გონებას წარმოედგინა. მაგრამ ამაზე ნუ იდარდებთ. ყველაფერი მაინც თქვენს ხელშია. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თავად გსურთ! გულში არ გაივლო, ჩემო კარგო, თითქოს ამ ზარის წკრიალი დასასრულზედ მიგანიშნებდეს. ზარი მახარობელია, დღესასწაულია, დასაწყისია, თუგინდ ბოლო ერქვას. მე ღრმად მწამს, რომ ადამიანი მარადჟამ ცნობისმოყვარე მოწაფეა, ყველა ასაკში. და ყოველ ჯერზე, როცა ერთ ფანჯარას ხურავ, შენ თვალწინ, მუდამ ათობით, ასობით ახალი ფანჯარა იღება. ეს ზარიც, სწორედ რომ ცოდნის ახალ ფანჯარაზე, შენი მოსწავლეობის ახალ დასაწყისზე მიგანიშნებს. ნება შენია, საით წახვალ, რომელ ფანჯარას შეაღებ, მოუსვენარ ცნობისმოყვარეობას ყური მიუგდე და მუდამ დარჩი სწავლის გულმხურვალე მძებნელად. შენს თავს გულდასმით გამოჰკითხე, საით მიდიხარ, რისკენ ისწრაფვი, ის კი, სწორ პასუხებს მოგაწვდის და გზასაც მარტივად გაიგნებ. მომავლის გზაზე დაბრკოლებებსაც გადააწყდები. მრავალი გამოცდის ჩაბარება მოგიწევს. ნუ შეშინდები! და თუ ფეხი დაგიცდა, წამოდექი და ისევ მიზნისკენ სვლა განაგრძე. ყოველთვის ირწმუნე საკუთარი თავის და არასოდეს იფიქრო, რომ რაიმე არ შეგიძლია. დარჩი საკუთარი თავის უფალი და არასდროს დაუშვა, რომ ვინმემ შენს სურვილებზე იბატონოს. ნუ გაჩერდები! შეცვალე, იბრძოლე, იარე, შეაღე! ფართო გზა მიეც შესაძლებლობებს! შეკითხვების დასმის ნუ მოგერიდება. ყოველთვის იკითხე. და გიამბობენ. თუკი გკითხავენ, შენც სულ უამბე. ყველაფერი, რასაც ისწავლი, სხვასაც ასწავლე. ყოველთვის გახსენი ცოდნის ახალი ფანჯარა. და ყოველ ჯერზე, როცა წერტილს დასვამ, იქვე ახალი აბზაცი წამოიწყე. გზას დაგილოცავთ მეგობრებო გფარავდეთ ღმერთი!

6 Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *